Monday, February 27, 2012

ვნებამორეული ზამთრის თეთრი ღამე...

Add caption



სულდაკაწრული ღრუბლებია ვარსკვლავთცვენისგან
ვნება ქარივით ეხეთქება შემზრალ მინაზე,
ღამეს ფიქრები ეღვენთება წამწამებიდან,
ხელუხლებია ქალწულივით თოვლი მიწაზე...
ფურცლები ისევ უშენოა,რითმებუხლები,
იდუმალ ლტოლვით აკრუსუნდა ბინდი სარკმელთან
და ნიკოტინისსუნგამჯდარი შენი თითებით,
მოგონებების ნაზამთრალი ტალღა აგელდა...
ცერზეშემდგარი იჭყიტება დილა ფანჯრიდან,
ცარიელ ფურცელს ვერ ვახელი რითმა ვერც ერთი,
ქარმა მუზები გააღვივა წარსულის ალზე
და მათთან ერთად პოეზიის ვნებით ვინთები...
ნაფეხურებმა შეურაცხყვეს ჩვილი ფიფქები,
ქალწულმა თოვლმა კახპასავით აიშვა თავი,
ვნებაჩამქრალმა ჩამოყარა აისმა მხრები,
გაყინულ მინას აეტმასნა კეკლუცი ქარი..
ბუხარში გზნებით ალეწილი ხმელი კუნელი
ბინდ-ბუნდთან ერთად მუზებსა და ფიქრს აწვალებდა...
და მე და ღამე,მთელი ღამე ვუცდიდით რითმებს,
სანამ თვალები მეძავივით თვლემას დანებდა...

გაზრდილმა "ბავშვებმა"...


მარგალიტის მძივივით ჩამოიმარცვლა დღეები... როგორ მეცოტავა.. სიზმარივით შემომაცვდა ხელჩაკიდებული ჩვენი ბავშვობა... ყოველდღიური"შვილობანა".. "ტანჯვადქცეული "მასწავლებლობანა"... თვითონ უმწეოებისგან ერთმანეთის "დაცვა"... საერთო თეფში... საერთო ჭიქა... ზოგჯერ საერთო საბანი... თვალებით საუბრები და ერთმანეთის ხელის გულებით მოწმენდილი ცრემლი... გაჭრილი თითივით ამეწვა ჩანისლული რეალობა... დავიკარგეთ... ბავშვობას უფროს სცოდნია სისუფთავის დაფასება... ყრუთ ამტკივდა გულთან რაღაც... თვალებში ვაშტერდები... ეშმაკურად აღარ ციმციმებს... აღარ ცელქობს... აღარ უდარდელობს ჩვენი ბავშვობა... მზერაში სევდა ჩასდგომია და რაღაცას ნანობს... დავიფანტეთ... მთელი ცხოვრება რაღაცას ვსწავლობდითმაგრამ ერთად გაზრდილი მეგობრობა ვერ დავაბერეთ გაზრდილმა "ბავშვებმაუკანასკნელ მზის ამოსვლამდე გამყვება ტკივილი...

ჩემი მზიანეთი...

მაჩაბლების სისხლი ჟონავს მოტეხილი ფრთებიდან.. ისევ იფურჩქნება გაზაფხულზე ქართველის ნაფერები ვაზი, ცრემლმომდგარი ფურცლავს გაბუნდოვნებულ წარსულს და ყურში მხედრულივით  ჩაესმის "ჩვენ დავბრუნდებით"..  ისევ ატყვია გულზე მკერდიდან შვილებმოგლეჯილი დედის ნაიარევი.. კვლავაც არ ესმის რატომ გაყიდეს... რატომ გაზარდა მისი შვილები სხვამ, მან კი - სხვისები... ნაოჭებში ცრემლის გუბეები უდგას.. ენატრება ყველაფერი ქართული...  ლოცვადქცეულ სიტყვებს იმეორებს პირჯვრის წერისას:  "დამიბრუნდე უფალო"..  ყოველ საღამოს ზღუდრიდან გადაავლებს თვალს  "დაშორეულებულ საქართველოს",  ნაიარევებიან სხეულზე დაიხედავს და რწმენაში გაყავს წლები..  როგორ გაუუცხოვდა საკუთარ ქუჩებს...  სამაჩაბლოოსეთიცხინვალი... უკვე თვითინაც აღარ იცის რა ჰქვია... ყოველ ღამით დასჯილი ბავშვივით ეჩურჩულება ლიახვს..  რაღაცას აბარებს დაკარგულ შვილებთან.. ამბის მიმტანი კი არავინ ყავს...  შფოთიანი ძილი დასჩემდა ბოლო 21 წელია... სიზმრად გაირბენენ კადრებივით  ფერადი სურათები წარსულიდან..  გაუმთბარი მზის სხივები აღვიძებენ ახლადჩათვლემილს  შავ - თეთრ რეალობაში დასაბრუნებლად..  ხელახლა იწყება ყველაფერი..  ფრთიდან ისევ ჟონავს მაჩაბელთა სისხლი..  ისევ ჩაესმის "მხედრული"..  ჩაცვენილი თვალებით ისევ გამოჰყურებს გზას...  ისევ სჯერა და ელის... ჩემი საფიცარი... ჩემი მზიანეთი...