Add caption |
სულდაკაწრული ღრუბლებია ვარსკვლავთცვენისგან
ვნება ქარივით ეხეთქება შემზრალ მინაზე,
ღამეს ფიქრები ეღვენთება წამწამებიდან,
ხელუხლებია ქალწულივით თოვლი მიწაზე...
ფურცლები ისევ უშენოა,რითმებუხლები,
იდუმალ ლტოლვით აკრუსუნდა ბინდი სარკმელთან
და ნიკოტინისსუნგამჯდარი შენი თითებით,
მოგონებების ნაზამთრალი ტალღა აგელდა...
ცერზეშემდგარი იჭყიტება დილა ფანჯრიდან,
ცარიელ ფურცელს ვერ ვახელი რითმა ვერც ერთი,
ქარმა მუზები გააღვივა წარსულის ალზე
და მათთან ერთად პოეზიის ვნებით ვინთები...
ნაფეხურებმა შეურაცხყვეს ჩვილი ფიფქები,
ქალწულმა თოვლმა კახპასავით აიშვა თავი,
ვნებაჩამქრალმა ჩამოყარა აისმა მხრები,
გაყინულ მინას აეტმასნა კეკლუცი ქარი..
ბუხარში გზნებით ალეწილი ხმელი კუნელი
ბინდ-ბუნდთან ერთად მუზებსა და ფიქრს აწვალებდა...
და მე და ღამე,მთელი ღამე ვუცდიდით რითმებს,
სანამ თვალები მეძავივით თვლემას დანებდა...
No comments:
Post a Comment